English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ რამაზ აბესაძე
ეკონომიკური განვითარება და უმუშევრობა

რეზიუმე

ეკონომიკურ განვითარებაზე უმუშევრობა დიდ გავლენას ახდენს. ეს გავლენა უმთავრესად უარყოფითია, თუმცა შესაძლებელია მას ჰქონდეს დადებითი ხასიათიც. უმუშევრობა, როგორც კატეგორია, დიდი ხანია გამოიყენება მეციერებასა და პრაქტიკაში, მაგრამ მასთან დაკავშირებული განმარტებები (“უმუშევარი”, “ბუნებრივი უმუშევრობა”, “სამუშაო ძალა” და სხვ.), ზოგჯერ არ შეესაბამება სინამდვილეს. სწორედ ამ და უმუშევრობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზეა სტატიაში საუბარი.

საკვანძოსიტყვები: ეკონომიკური განვითარება, უმუშევრობა, სამუშაო ძალა, ეკონომიკური ზდა.

შესავალი

უმუშევრობა წარმოადგენს მაკროეკონომიკურ პრობლემას, რომელიც დიდ გავლენას ახდენს როგორც მთელ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე, ასევე ცალკეულ სამეურნეო ობიექტებსა და თითოეულ ადამიანზე.Mმას, გარდა ეკო-ნომიკურისა, აქვს სოციალური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და ა.შ. დატვირთვა. უმუშევრობის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს: ეკონომიკის ტრანსფორმაცია, ეკონომიკური დაქვეითება, ეკონომიკური რეფორმების დროს დაშვებული შეცდომები, ინოვაციების განხორციელება, კორუფციის მაღალი დონე, არასრულყოფილი ინსტიტუციების არსებობა, რთული პოლიტიკური და კრიმინოგენური სიტუაცია და ა. შ.

უმუშევრობასთან დაკავშირებული სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის სწორად წარმართვისათვის აუცილებელია მასთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებები სრულად შეესაბამებოდეს სინამდვილეს, რასაც, ჩვენი აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ზრდასა და უმუშევრობასთან და უმუშევრობის დანაკარგებთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა.

უმუშევრობის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე

ეკონომიკურ განვითარებაზე, ანუ ეკონომიკაში მომდინარე დადებით თვისებრივ ცვლილებებზე უმუშევრობა დიდ გავლენას ახდენს, რაც გამოიხატება შემდეგში: უმუშევრობა (განსაკუთრებით გრძელვადიანი) ამცირებს საზოგადოების ადამიანისეული კაპიტალის სიდიდეს, ვინაიდან უმუშევარი aდამიანის კვალიფიკაციის დონე, ფიზიკური და გონებრივი უნარი თანდათან ქვეითდება; უმუშევრობის დროს, ადგილი აქვს რა გამომუშავებული პროდუქციის დანაკარგებს, მცირდება დანაზოგების მოცულობა, რაც ამცირებს ინვესტიციებს, მათ შორის, ინვესტიციებს ინოვაციებზე. ასევე მცირდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკური განვითარების პროცესებზე არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც; უმუშევრობა, აძლიერებს რა შემოსავლების უთანაბრობასა და სოციალურ დაძაბულობას, გარდა რესურსების გამოუყენებლობით გამოწვეული დანაკარგებისა, იწვევს დამატებით დანაკარგებს (ინვესტიციების შემცირებას), რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და კრიმინოგენური დაძაბულობის ზრდასთან.

მაგრამ უმუშევრობის მაღალი დონე ეკონომიკურ განვითარებაში არსებული როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ძვრების შედეგია. პირველი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ბაზრისა და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ნაკლოვანებებთან. უმუშევრობის დროს ეკონომიკა შეიძლება იმყოფებოდეს მაკროეკონომიკური წონასწორობის, მაგრამ არა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პირობებში. ეს ბაზრისათვის დამახასიათებელი ნაკლოვანებაა და რისი გამოსწორებაც მხოლოდ სახელმწიფოს სწორი ჩარევის შედეგადაა შესაძლებელი. ამისათვის აუცილებელია, მთავრობას გააჩნდეს დასაქმების რეგულირების მექანიზმი და, შესაბამისად, განვითარებული ინფრასტრუქტურა. და¬საქმების რეგულირების მექანიზმი უნდა მოიცავდეს სამართლებრივ საფუძვლებს, რეგულირების ინსტრუმენტებს, ინდიკატორთა სისტემას, რეგულირების ღონისძიებათა სისტემას, შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს.

ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ძვრებთან უმუშევრობა დაკავშირებულია ეკონომიკური წყობის შეცვლასთან ან ინოვაციების დანერგვასთან. ორივე შემთხვევაში აუცილებელი ხდება სახელმწიფოს ჩარევა უმუშევრობის დონის შესამცირებლად. მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გაატაროს არა ინფლაციური პროცესების მაპროვოცირებელი, არამედ იმ ინოვაციების მასტიმულირებელი პოლიტიკა, რომელიც გაზრდის წარმოების მოცულობას, ძველის გაფართოებისა და ახალი ეკონომიკური სფეროების ათვისების მეშვეობით.

უმუშევრობის კატეგორიასთან დაკავშირებული ტერმინები

უმუშევრობის პრობლემის განხილვა, უპირველეს ყოვლისა, და¬კავშირებულია წლების განმავლობაში დამკვიდრებული, უმუშევრობასთან დაკავშირებული განსაზღვრებების ახლებურ გააზრებასა და მათში გარკვეული დაზუსტებების შეტანასთან. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

უმუშევარი

ჩვენი აზრით, არასწორია, როდესაც უმუშევარის განმარტებებში ძირითადი აქცენტი გადაიტანება ადამიანის გადაწყვეტილებაზე _ სურს თუ არა მას მუშაობა. განმარტებაში ასეთი მოთხოვნის არსებობა განპირობებულია იმით, რომ განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს მიერ განისაზღვრება უმუშევრის სტატუსი და ამ სტატუსის მიღებისათვის აუცილებელია, ადამიანს მუშაობის სურვილი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ მიიღებს ამ სტატუსს და, მაშასადამე, ვერ მიიღებს დახმარებასაც. სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრის სტატუსის მიღების პროცედურა სხვადასხვა სირთულისაა.Mმაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ის გაცილებით იოლია, ვიდრე იაპონიაში და ა.შ. [Dolan 1988].

თუ ვიმსჯელებთ საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ, ბუნებრივია, ქვეყნის ყველაზე ძვირფასი რესურსის _ შრომითი რესურსის გამოყენების ხარისხის დადგენისას მილიონობით შრომისუნარიან დაუსაქმებელ ადამიანთა არ ჩათვლა უმუშევართა რაოდენობაში და მათი ჩრდილში დატოვება სავსებით გაუმართლებელია. იგი ხელოვნურად ამცირებს უმუშევართა რაოდენობას და ამცირებს უმუშევრობის მიმართულებით განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას. მართალია, კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანს აქვს შრომის თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად და გონებრივად ჯანსაღი ადამიანი, რომელსაც მუშაობის სურვილი არ აქვს (გამოწვეულია იგი პიროვნების თუ სახელმწიფოს მიზეზით), არ აზარალებს საზოგადოებას.  

ამ მოსაზრებას იზიარებს მეცნიერთა ნაწილი. მაგალითად, ედვინ დო¬ლანს და დეივიდ ლინდსეის პარადოქსულად მიაჩნიათ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა უმუშევრებისა ვერ ხვდება უმუშევართა კატეგორიაში, რომ მილიონობით ადამიანი, რომლებიც არ ცდილობენ იპოვონ სამუშაო, არ გაითვალისწინება სამუშაო ძალის განსაზღვრის დროს [Dolan 1988].

განმარტებებიდან გამომდინარე, ასევე უმუშევრად ითვლება პირი, რომელსაც აქვს სურვილი იმუშაოს, მაგრამ არის საპენსიო ასაკის. ასეთი პირები უმუშევრად არ უნდა ითვლებოდნენ, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, ისინი სამუშაოს ვერ შოულობენ სწორედ იმიტომ, რომ არიან არა¬შრომისუნარიანნი. ასეთი პირების შეყვანა უმუშევართა რიგებში, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სურთ იმუშაონ, ხელოვნურად ზრდის უმუშევრობის დონეს.

ასევე საკამათოა საკითხი იმის შესახებ, ითვლებოდეს თუ არა უმუშევრად არასრულად დასაქმებული ადამიანები. ოფიციალური სტატისტიკა მათ თვლის დასაქმებულად, მეცნიერთა ნაწილს კი ამის საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია [ჩიქავა 2012]. რა¬საკვირველია, მეცნიერთა ეს მოსაზრება ანგარიშგასაწევია, მაგრამ, ალბათ, ამ დროს გასათვალისწინებელია შემოსავლის სიდიდე _ პიროვნება უმუშევრად უნდა ჩაითვალოს მაშინ, როდესაც არასრული დასაქმების დროს შემოსავალი სიღარიბის დადგენილ ზღვარს ქვემოთაა.  

ჩვენი აზრით, უმუშევრად უნდა ითვლებოდეს პირი, რომელსაც შეუსრულდა სამუშაო ასაკი, არ ეწევა სასარგებლო საქმიანობას (არ მუშაობს, არ სწავლობს, არ იმყოფება სავალდებულო სამხედრო სამსახურში, არ არის დაკავებული საოჯახო მეურნეობით), არ იმყოფება სპეციალიზებულ დაწესებულებებში, არ არის ინვალიდი ან საპენსიო ასაკის. ეს განმარტება ეფუძნება სამართლებრივ, ეკონომიკურ და მორალურ ნორმებს და არა ცალკეული პიროვნების სურვილს, იმუშაოს თუ არა.

თუ ამ განმარტებას მხედველობაში მივიღებთ, მაშინ, იმისდა მიხედვით, აქვს თუ არა სურვილი უმუშევარს იმუშაოს, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ აქტიური (რომელიც დაეძებს სამუშაოს) და პასიური (რომელიც არ დაეძებს სამუშაოს) უმუშევარი. ინვალიდები და საპენსიო ასაკის პირები, ბუნებრივია, არცერთ ამ კატეგორიას არ უნდა მიეკუთვნებოდნენ. თუ მათ იშოვეს სამუშაო, მაშინ ისინი დასაქმებულთა რიგებში აღმოჩნდებიან.

შემოთავაზებული განმარტების თანახმად, უმუშევრობის დონე განისაზღვრება უმუშევართა (აქტიურ და პასიურ)  რიცხოვნობის ფარდობით მომუშავეთა და უმუშევართა (აქტიურ და პასიურ) საერთო რაოდენობასთან, გამოსახული პროცენტობით.

ზემოთ შემოთავაზებული დაზუსტებების შედეგად აღმოიფხვრება უმუშევრობასთან დაკავშირებული აღრიცხვის ზოგიერთი სირთულე, ვინაიდან უმუშევრობასთან დაკავშირებული აღრიცხვის სტატისტიკური მაჩვენებლები და მის საფუძველზე გამოთვლილი სიდიდეები მეტად ალბათურია შემდეგ გარემოებათა გამო:

სტატისტიკური მაჩვენებლები შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, ვინაიდან იგი დამოკიდებულია ადამიანის სურვილზე, იმუშაოს თუ არა. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდის შემთხვევაში ეს ნაკლოვანება აღმოიფხვრება, ვინაიდან უმუშევართა რაოდენობა დამოკიდებული აღარ იქნება ადამიანის სურვილზე და დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, დაიწყებს თუ არა უმუშევარი მუშაობას.

შესაძლებელია, ყველა ინვალიდსა და საპენსიო ასაკის მქონე პირს ჰქონდეს მუშაობის დაწყების სურვილი, მაგრამ წლების განმავლობაში ვერ პოულობდეს მას, იმის გამო, რომ მათი ადამიანისეული კაპიტალის ხარისხი ვეღარ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს. ახალი სპეციალობის შეძენა და კვალიფიკაციის ამაღლება კი მათ აღარ შეუძლიათ. ამის გამო, უმუშევართა რაოდენობა წლების განმავლობაში დარჩება გაზრდილი, რომლის შემცირებაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდის შემთხვევაში ეს ნაკლოვანებაც აღმოიფხვრება, ვინაიდან, უმუშევართა რაოდენობაში ინვალიდები და საპენსიო ასაკის პირები საერთოდ არ შეიტანება, იმისდა მიუხედავად, აქვთ მუშაობის სურვილი, თუ არა. ეს კატეგორია მიკუთვნებულია ან არაეკონომიკური მოსახლეობის ჯგუფს (უმუშევრობის შემთხვევაში), ან აქტიური ეკონომიკური მოსახლეობის ჯგუფს (დასაქმების შემთხვევაში).

ხშირ შემთხვევაში მონაცემები, როგორც დასაქმებულების, ისე უმუშევრების, ვერ ხვდება სტატისტიკურ აღრიცხვაში. მაგალითად, ადამიანთა დიდი ჯგუფი მუშაობს სამუშაო ასაკის შესრულებამდე ან დაკავებულნი არიან საოჯახო საქმეებით. აგრეთვე ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები. უმუშევრები, რომლებიც არ გაივლიან რეგისტრაციას, უმუშევართა რიგებში ვერ მოხვდებიან და ა.შ. ამ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად აუცილებელია უმუშევართა და მომუშავეთა აღრიცხვის სისტემის სრულყოფა და გამკაცრება. სახელმწიფო უნდა აწარმოებდეს უმუშევართა სავალდებულო აღრიცხვას. უმუშევარმა უნდა გაიაროს აღრიცხვა და დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება უმუშევრობასთან დაკავშირებით (ეძებს თუ არა სამუშაოს). რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ პიროვნება ვაიძულოთ, იმუშაოს, თუ მას ამის სურვილი არ აქვს. მაგრამ, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მონაცემები იმ შრომითი პოტენციალის შესახებ, რომელსაც ქვეყანა ფლობს.

სამუშაო ძალა

რაც შეეხება ტერმინს _ სამუშაო ძალა, იგი პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება, ხოლო ეკონომიკურ ლიტერატურაში მისი გაგება არაერთგვაროვანია. ზოგს მიაჩნია, რომ ის არის განსაკუთრებული საქონელი (მაგ., მარქსი და მისი მიმდევრები) ზოგის აზრით [Большая… 2008; Дорнбуш1997; Линвуд  1996; Mankiw 2015; Sachs  1993 ; Эдвин  1994], იგი საზოგადოების ის ნაწილია, რომლებიც მუშაობენ ან ეძებენ სამუშაოს, ე.ი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა.

მიგვაჩნია, რომ სამუშაო ძალის (გაგებული, როგორც ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ უნართა ერთობლიობა) ჩათვლა საქონლად არასწორია, ვინაიდან საქონელი არის პროდუქტი, რომელიც დამზადებულია გასაყიდად და გაყიდვის შემდეგ იგი იცვლის მესაკუთრეს. წარმოების პროცესში ადგილი აქვს არა პიროვნების უნარის გაყიდვას, არამედ მის დაქირავებას, ვინაიდან უნარის მესაკუთრედ კვლავ ეს პიროვნება რჩება და მისი უნარი არათუ მცირდება, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, იზრდება კიდევაც. უნარი რომ გაიყიდოს, მაშინ მისი მესაკუთრე ადამიანიც უნდა გაიყიდოს. ასეთ ურთიერთობებს ადგილი ჰქონდა მონათმფლობელური წყობილების დროს. თანამედროვე პირობებში კი, ცხადია, ასეთი ურთიერთობების წარმოდგენაც კი მიუღებელია. მაშასადამე, მუშაკი კი არ ყიდის თავის უნარს, არამედ იყენებს მას წარმოების პროცესში (შრომობს) მესაკუთრის სასარგებლოდ, რისთვისაც იღებს გასამრჯელოს.

ვინაიდან ადამიანის უნარის გამოსახატავად თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს ტერმინი _ “ადამიანისეული კაპიტალი”, ამდენად უფრო გამართლებულია სამუშაო ძალა ვიხმაროთ მხოლოდ მეორე გაგებით, ანუ, როგორც დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა.

უმუშევრობის ბუნებრივი დონე

უმუშევრობის ბუნებრივი დონე ლიტერატურაში გაიგივებულია სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობის დონესთან [Большая… 2008; Mankiw 2015; Румянцева  2008; Шумпетер2007; Dolan 1988]. ჩვენ ვთვლით, რომ უმუშევრობის ბუნებრივი დონე არის უმუშევრობის ის დონე, როდესაც ეკონომიკა იმყოფება ბუნებრივ მდგომარეობაში და, მისი სახელმწიფო რეგულირების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, უმუშევრობის დონის უფრო ნაკლები მნიშვნელობის მიღწევა შეუძლებელია. მართალია, ბუნებრივი უმუშევრობის მიზეზი სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობაა, მაგრამ ხშირად, შესაძლოა, სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობის დონე არ ემთხვეოდეს უმუშევრობის ბუნებრივ დონეს (ანუ უმუშევრობის მაქსიმალურად შესაძლო დაბალ დონეს), ანუ მეტი იყოს მასზე.

ამ მოსაზრებას იზიარებენ ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით შვედეთში, სადაც მიაჩნიათ, რომ უმუშევრობის დონე მისი გარკვეული მცირე მნიშვნელობის ზემოთ არ უნდა ითვლებოდეს საბაზრო ეკონომიკის ბუნებრივ თავისებურებად [Сакс 1996]. მართალია, ბოლო დროს შვედეთშიც მოსაზრება ორადაა გაყოფილი, უმუშევრობის დაბალ დონეზე შენარჩუნების ძვირადღირებული ფისკალური პოლიტიკის გამო, ვინაიდან იქ სტრუქტურული უმუშევრობის შესამცირებლად მსხვილი სახელმწიფო პროგრამები ხორციელდებოდა [Дорнбуш 1997], მაგრამ, პრაქტიკულად, უმუშევრობის ბუნებრივი დონე მაინც დაბალი რჩება და იგი  6%-ს არ აღემატება (თუმცა ადრე, როდესაც ამ მიმართულებით უფრო მკაცრი პოლიტიკა ტარდებოდა, უმუშევრობის ბუნებრივი დონე 3%-მდე იყო), მაშინ, როდესაც ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში იგი 5%-დან 10%-მდე მერყეობს [Дорнбуш 1997]. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მოსაზრებას, რომ უმუშევრობის დონის შენარჩუნება დაბალ ნიშნულზე შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ტარდება შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა [Линвуд 1996]. მიგვაჩნია, რომ ძვირი პროგრამების განხორციელება ამ მიმართულებით გამართლებულია, ვინაიდან უმუშევრობა, გარდა წმინდა ეკონომიკური და¬ნაკარგებისა, დაკავშირებულია ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან, მათ შორის, ყველაზე მწვავე _ სოციალური და ფსიქოლოგიური დაძაბულობის პრობლემასთან, რაც, საბოლოო ანგარიშით, ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. 

უმუშევრობით გამოწვეული დანაკარგები

ლიტერატურაში ძირითადად საუბარია მხოლოდ ციკლური უმუშევრობის შედეგად გამოწვეულ დანაკარგებზე, ვინაიდან ბუნებრივი უმუშევრობა გაიგივებულია სტრუქტურულ და ფრიქციულ უმუშევრობასთან. მიგვაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა გაირჩეს სტრუქტურული და ციკლური უმუშევრობით გამოწვეული დანაკარგები. ციკლური უმუშევრობის დროს საწარმოო სიმძლავრეები არსებობს, ოღონდ გამოუყენებელია, მაშასადამე, ციკლური უმუშევრობის შესამცირებლად ახალი დაბანდებები საჭირო არ არის, მაშინ, როდესაც სტრუქტურული უმუშევრობის შესამცირებლად აუცილებელია ქვეყანაში ახალი ძირითადი კაპიტალის შექმნა.

უმუშევრობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს სხვადასხვაგვარად აზარალებს. ზარალს განიცდიან უმუშევრები ხელფასის დაკარგვის გამო; სახელმწიფო ბიუჯეტი _ შემოსავლების კლების და უმუშევრებზე დახმარებების გაცემის შედეგად; მეწარმეები კარგავენ მოგებას; მცირდება მთლიანი ეროვნული პროდუქტი და ა.შ. რა¬საკვირველია, აღნიშნული ზარალების შეკრების შედეგად საერთო ზარალის გამოთვლა შეცდომაა და იგი გამოიწვევს ორმაგ აღრიცხვას, ვინაიდან მშპ წარმოადგენს სიდიდეს, რომელშიც თავს იყრის ყველა დანაკარგი.

ციკლური უმუშევრობის დანაკარგები განისაზღვრება ოუკენის ცნობილი კანონის მიხედვით. მაგრამ ეს კანონი გამოყვანილია ემპირიული დაკვირვების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, და ის შედარებით მართებული იყო ამ ქვეყნისათვის ან, უკეთეს შემთხვევაში, ანალოგიური ქვეყნებისათვის და არა განსხვავებული ემპირიული მონაცემების მქონე ქვეყნებისთვის (მათ შორის იგულისხმება საქართველოც).

აღსანიშნავია, რომ ოუკენის კანონი არ ითვალისწინებს უმუშევრობის ზოგიერთ დადებით ეფექტს (მაგალითად, თავისუფალი დროის არსებობა, რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მეტი შესაძლებლობა). იგი ასევე არ ითვალისწინებს უმუშევრობით გამოწვეული სოციალურ-პოლიტიკური და კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესების, ადამიანისეული კაპიტალის შემცირების შედეგად გამოწვეულ მშპ-ს დანაკარგებს. არადა, ეს დანაკარგები, ძირითადად ინვესტიციების შემცირების გამო, საკმაოდ მნიშვნელოვანია. უმუშევრობა, აძლიერებს რა შემოსავლების უთანაბრობასა და სოციალურ დაძაბულობას, გარდა რესურსების გამოუყენებლობით გამოწვეული დანაკარგებისა, იწვევს დამატებით დანაკარგებს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური და კრიმინოგენური დაძაბულობის ზრდასთან.

ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის დონე

ლიტერატურასა და პრაქტიკაში ხშირად შევხვდებით დასკვნას, რომ უმუშევრობის დონის შემცირების ერთადერთი გზაა ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება, მაგრამ, სინამდვილეში, გარკვეულ პირობებსა და ზრდის ტემპების გარკვეულ ინტერვალში უმუშევრობის დონე კი არ მცირდება, არამედ შეიძლება იგივე დარჩეს ან გაიზარდოს კიდევაც. რატომ? _ სტრუქტურული უმუშევრობის ზრდის გამო, რაც შრომის ნაყოფიერების ზრდითაა გამოწვეული, ვინაიდან პროდუქციის გაზრდილი რაოდენობა მოითხოვს მუშათა ნაკლებ რაოდენობას. სიმარტივისათვის, დავუშვათ, რომ ეკონომიკაში დასაქმებულია 10 მუშა, უმუშევრობის დონე არის 8%, გამომუშავებული პროდუქციის მოცულობაა 100 ლარი. მაშინ შრომის ნაყოფიერება შეადგენს 10 ლარს. ვთქვათ, ინოვაციის შედეგად შრომის ნაყოფიერება გაიზარდა 10%-ით, ანუ შეადგინა 11 ლარი. მუშათა რაოდენობის უცვლელობის პირობებში გამომუშავებული პროდუქციის მოცულობა გახდება 110 ლარის, ანუ ისიც გაიზრდება 10%-ით. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში პროდუქციის 10%-იანი ზრდაა საჭირო, უმუშევრობის დონე რომ იგივე დარჩეს. თუ ჩვენ წარმოების მოცულობას გავზრდით 10%-ზე ნაკლები სიდიდით, მაშინ ამისათვის დაგვჭირდება არა 10 მუშა, არამედ ნაკლები, რაც უმუშევრობის დონის ზრდას გამოიწვევს. უმუშევრობის დონე რომ შემცირდეს, აუცილებელია გამომუშავება გაიზარდოს 10%-ზე მეტი სიდიდით, ანუ ინოვაციას თან უნდა მოჰყვეს წარმოების გაფართოება. ამიტომაა, რომ ინოვაციურ პროცესებთან ერთად, უმუშევრობის დონის შემცირებას დიდი დრო სჭირდება.

მართალია, რიგ შემთხვევაში ინოვაციები იწვევს უმუშევრობას, მაგრამ ისტორიულ ჭრილში სწორედ ინოვაციების მეშვეობით ხდება უმუშევრობის დონის შემცირება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდის პირობებშიც კი, ზრდის რა იგი შრომის ზღვრულ პროდუქტს [მენქიუ 2000]. ინოვაციას თან უნდა მოჰყვეს წარმოების გაფართოება, რაც ისევ ინოვაციების გზით მიიღწევა, იწვევს რა წარმოების ძველი სფეროების გაფართოებას და ახლის ათვისებას, მოთხოვნის გაზრდას და ა.შ.

რასაკვირველია, ციკლურ უმუშევრობასთან საქმე სხვაგვარადაა. ამ დროს სამუშაო ადგილები არსებობს და ეკონომიკური აღმავლობის პირობებში რაიმე დამატებითი დაბანდებების გაწევა საჭირო არ არის. უმუშევრობის დონე მცირდება ახალი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე.

ფრიქციული უმუშევრობის დროს ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ მოსახლეობის ზრდის შედეგად გამოწვეული უმუშევრობა (როდესაც ახალგაზრდა შრომისუნარიანი ხდება ან სასწავლებელს ამთავრებს და უმუშევარია) და სამუშაოს ნებაყოფილობით ან იძულებით (ოღონდ არა წარმოების დაქვეითების გამო) დაკარგვის შედეგად გამოწვეული უმუშევრობა. პირველ შემთხვევაში ზედაპირულად საქმე გვაქვს სტრუქტურული უმუშევრობის, ხოლო მეორე შემთხვევაში ციკლური უმუშევრობის ანალოგიურ შემთხვევასთან, ვინაიდან პირველ შემთხვევაში უმუშევრობის შესამცირებლად საჭიროა ახალი დაბანდებების განხორციელება, მეორე შემთხვევაში კი - არა.

დასაქმება

დასაქმების რეგულირების უპირველეს ღონისძიებას წარმოადგენს შრომის ბაზრის ინსტიტუციური მოწყობა, რაც გულისხმობს შრომის ბირჟის, დასაქმებისა და მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის, დასაქმების ფონდის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას. მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდება თავისუფალი სამუშაო ადგილების (ვაკანსიების) და უმუშევართა (პასიურ და აქტიურ) აღრიცხვა; კონსულტაციების გაწევა უმუშევართათვის სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; უმუშევრებისათვის დახმარებების გაცემა; მოქალაქეთა პროფესიული მომზადება და გადამზადება; შრომის ბაზარზე მდგომარეობის შეფასება (ეკონომიკური და არაეკონომიკური, ეკონომიკურად აქტიური და ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობის დადგენა და ა.შ.); შრომით ემიგრანტთა და იმიგრანტთა აღრიცხვა, შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და სხვ.

გარდა ინსტიტუციური უზრუნველყოფისა, უმუშევრობის შემცირების მიზნით უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომელიც უმუშევრობის შემცირებას გამოიწვევს არა ინფლაციის ზრდის, არამედ ფასების სტაბილურობის პირობებში. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკას გადააადგილებს არა ფილიპსის მრუდზე, არამედ, რომელიც გამოიწვევს თვით ფილიპსის მრუდის გადაადგილებებს ისეთ წერტილებში, სადაც უმუშევრობის დონე კლებულობს, ხოლო ფასების საერთო დონე უცვლელია ან უმნიშვნელოდ მატულობს. ესEმიიღწევა ისეთი ინოვაციური პროგრამების სტიმულირებით (უმუშევრობის შემცირებისაკენ მიმართული ინოვაციური პოლიტიკა), რომელიც უზრუნველყოფს ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების დაახლოებით ერთნაირი ტემპებით ზრდას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროდუქციის მოცულობის ზრდის ტემპები წინ უნდა უსწრებდეს, ხოლო ხელფასების ზრდის ტემპები ჩამორჩებოდეს შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტემპებს, სანამ უმუშევრობის რეალური დონე არ გაუტოლდება მის ბუნებრივ დონეს. ეს მიიღწევა წარმოებისა და მომსახურების არსებული დარგების გაფართოებით და მათი ახალი სფეროების ათვისებით.

დასკვნა

1. უმუშევრობა (განსაკუთრებით გრძელვადიანი) ამცირებს საზოგადოების ადამიანისეული კაპიტალის სიდიდეს, ვინაიდან უმუშევარი ადამიანის კვალიფიკაციის დონე, ფიზიკური და გონებრივი უნარი თანდათან ქვეითდება; უმუშევრობის დროს, ადგილი აქვს რა გამომუშავებული პროდუქციის დანაკარგებს, მცირდება დანაზოგების მოცულობა, რაც ამ¬ცირებს ინვესტიციებს, მათ შორის, ინვესტციებს ინოვაციებზე. ასევე მცირდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკური განვითარების პროცესებზე არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც; უმუშევრობა, აძლიერებს რა შემოსავლების უთანაბრობასა და სოციალურ დაძაბულობას, გარდა რესურსების გამოუყენებლობით გამოწვეული დანაკარგებისა, იწვევს დამატებით დანაკარგებს (ინვესტიციების შემცირებას), რო¬მელიც დაკავშირებულია პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და კრიმინოგენური დაძაბულობის ზრდასთან.

2. საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ქვეყნის ყველაზე ძვირფასი რესურსის _ შრომითი რესურსის გამოყენების ხარისხის დადგენისას მილიონობით შრომისუნარიან დაუსაქმებელ ადამიანთა არ ჩათვლა უმუშევართა რაოდენობაში და მათი ჩრდილში დატოვება სავსებით გაუმართლებელია. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ აქტიური (რომელიც დაეძებს სამუშაოს) და პასიური (რომელიც არ დაეძებს სამუშაოს) უმუშევარი.

3. ვინაიდან ადამიანის უნარის გამოსახატავად თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს ტერმინი - “ადამიანისეული კაპიტალი”, ამდენად უფრო გამართლებულია სამუშაო ძალაში ვიგულისხმოთ მხოლოდ დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა.

4. მართალია, ბუნებრივი უმუშევრობის მიზეზი სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობაა, მაგრამ ხშირად, შესაძლოა, სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობის დონე არ ემთხვეოდეს უმუშევრობის ბუნებრივ დონეს  (ანუ უმუშევრობის მაქსიმალურად შესაძლო დაბალ დონეს), ანუ მეტი იყო მასზე.

5. ციკლური უმუშევრობის დანაკარგები განისაზღვრება ოუკენის ცნობილი კანონის მიხედვით. მაგრამ ეს კანონი გამოყვანილია ემპირიული დაკვირვების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, და ის შედარებით მართებული იყო ამ ქვეყნისათვის ან, უკეთეს შემთხვევაში, ანალოგიური ქვეყნებისათვის და არა განსხვავებული ემპირიული მონაცემების მქონე ქვეყნებისთვის (მათ შორის იგულისხმება საქართველოც). აღსანიშნავია, რომ ოუკენის კანონი არ ითვალისწინებს უმუშევრობის ზოგიერთ დადებით ეფექტს (მაგალითად, თავისუფალი დროის არსებობა, რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მეტი შესაძლებლობა). იგი ასევე არ ითვალისწინებს უმუშევრობით გამოწვეული სოციალურ-პოლიტიკური და კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესების, ადამიანისეული კაპიტალის შემცირების შედეგად გამოწვეულ მშპ-ს დანაკარგებს.

6. მართალია, რიგ შემთხვევაში ინოვაციები იწვევს უმუშევრობას, მაგრამ ისტორიულ ჭრილში სწორედ ინოვაციების მეშვეობით ხდება უმუშევრობის დონის შემცირება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდის პირობებშიც კი, ზრდის რა იგი შრომის ზღვრულ პროდუქტს. ინოვაციას თან უნდა მოჰყვეს წარმოების გაფართოება, რაც ისევ ინოვაციების გზით მიიღწევა, იწვევს რა წარმოების ძველი სფეროების გაფართოებას და ახლის ათვისებას, მოთხოვნის გაზრდას და ა.შ.

7. გარდა ინსტიტუციური უზრუნველყოფისა, უმუშევრობის შემცირების მიზნით უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომელიც უმუშევრობის შემცირებას გამოიწვევს არა ინფლაციის ზრდის, არამედ ფასების სტაბილურობის პირობებში. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკას გადააადგილებს არა ფილიპსის მრუდზე, არამედ, რომელიც გამოიწვევს თვით ფილიპსის მრუდის გადაადგილებებს ისეთ წერტილებში, სადაც უმუშევრობის დონე კლებულობს, ხოლო ფასების საერთო დონე უცვლელია ან უმნიშვნელოდ მატულობს.

ლიტერატურა

  1. ჩიქავა ლ. 2012. დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში. თბილისი “უნივერსალი”.
  2. მენქიუ გ. 2000. ეკონომიკის პრინციპები. თბ., “დიოგენე”.
  3. Большая экономическая энциклопедия. 2008.М., Эксмо.
  4. Дорнбуш Р., Фишер С. 1997.  Макроэкономика. М., ИНФРА-М, Изд. Московского Университета.
  5. ЛинвудТ. Гайгер. 1996. Макроэкономическая теория и переходная экономика. М., ИНФРА-М.
  6. Mankiw N. Gregory . 2015.  Macroeconomics. Publisher Worth.
  7. Румянцева Е.Е. 2008. Новая экономическая энцикло­пе­дия. М., ИНФРА-М.
  8. Sachs  Jeffrey D.  Larrain Felipe B.  1993. Macroeconomics in the Global Economy.  Prentice Hall;1 edition
  9. Шумпетер Й. 2007.  Теория экономического развития. М. "Эксмо".
  10. Dolan Edwin G. and Lindsey David E. 1988. Macroeconomics. Publisher Dryden Press